უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს გამოეხმაურა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას.
ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი ასევე არის მშვიდობის ფასი საქართველოში.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ქართული ოცნების მმართველ პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
უკრაინა თანმიმდევრულად, მტკიცედ და ურყევად გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში, ქართველი ხალხი კი გააგრძელებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც დღეს გამოჩნდა, ასახულია ჩანს დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.